EU ინტეგრაცია
საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი შეიქმნა 2004 წლის დასაწყისში. იგი მონიტორინგს უწევს “პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების” განხორციელებას და ევროკავშირთან მიმართებაში მთავრობის მიერ წარმოებულ საქმიანობას, მათ შორის “კანონმდებლობის ჰარმონიზაციის ეროვნული პროგრამის” დროულ შესრულებას.
პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების 43-ე მუხლის მიხედვით, საქართველომ აიღო თავისი კანონმდებლობის ევროკავშირის ნორმებთან დაახლოების ვალდებულება და შესაბამისად დაიწყო კანონმდებლობის ჰარმონიზაციის ეროვნული პროგრამის განხორციელება. ეს პროგრამა შემუშავდა “პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების” საფუძველზე ქართველ და უცხოელ ექსპერტების მიერ და მის შემადგენლობაში შედის 13 ძირითადი სექტორი.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ფუნქცია აქვს. იგი მონაწილეობს კანონპროექტების შედგენის პროცესში და განიხილავს მთავრობის ან სხვა საპარლამენტო კომიტეტების ინიციატივით შემოსული კანონპროექტების ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობას. ამავე დროს იგი უწევს მონიტორინგს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში სამოქმედო გეგმის მომზადებას და საქართველოსა და ევროკავშირის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებებს. სხვადასხვა აქტუალური საკითხების მომზადებისას, კომიტეტი აქტიურად თანამშრომლობს არასამთავრობო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან.
საქართველოს პარლამენტი განსაზღვრავს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მიმართულებებს და შესაბამისად ევროპასთან ინტეგრაციის საერთო პოლიტიკასაც. აქედან გამომდინარე, კომიტეტი აქტიურად მუშაობს საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის საკანონმდებლო და სამთავრობო ორგანოებთან.
კომიტეტის შემადგენლობაში შედის პარლამენტის 21 წევრი და აპარატის 9 თანამშრომელი.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის სტრუქტურებთან. გაიმართა არაერთი შეხვედრა, ჩატარდა სხვადასხვა ღონისძიება და პროექტი როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
კომიტეტი მონიტორინგს უწევს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში სამოქმედო გეგმის მომზადებას და საქართველოსა და ევროკავშირის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებებს. ის ასევე ზედამხედველობს ევროკავშირთან მიმართებაში მთავრობის მიერ წარმოებულ საქმიანობას, მათ შორის ევროკავშირთან პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების განხოციელებას. შესაბამისად, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი პერიოდულად ატარებს თემატურ საკომიტეტო მოსმენებს, სადაც განიხილება სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურაში ევროინტეგრაციის სფეროში მიმდინარე საქმიანობა.
საქართველოს პარლამენტი განსაზღვრავს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მიმართულებებს და შესაბამისად ევროპასთან ინტეგრაციის საერთო პოლიტიკასაც. აქედან გამომდინარე, კომიტეტი აქტიურად მუშაობს საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის საკანონმდებლო და სამთავრობო ორგანოებთან. თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები, ჩატარდა ერთობლივი პროექტები, გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები სხვადასხვა ქვეყნის ევროპულ საკითხთა კომიტეტებთან და სხვა.
მემორანდუმები და დეკლარაციები
- 10.09.2004 საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტსა და ლატვიის საეიმას ევროპულ საქმეთა კომიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთთანმშრომლობის მემორანდუმი.
- 30.03.2005 საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტსა და ესტონეთის რიიგიკოგუს ევროპის საკითხთა კომიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
- 07.06.2005 საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტსა და ლიტვის სეიმას ევროპის საკითხთა კომიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთთანმშრომლობის მემორანდუმი.
- 20.10.2005 კიევში უკრაინის უმაღლესი რადას ევროპული ინტეგრაციის საკითხების კომიტეტსა და საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტგრაციის კომიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთთანმშრომლობის მემორანდუმი.
- 20.10.2005 – საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტსა და საერთაშორისო ურთიერთობების ევროპულ ინსტიტუტს შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი